დარდები მოდიან ღამე
შუქი რომ ქრება და წყვდიადი დგება, ფიქრებს ვედევნებით დაუფიქრებლად და სკდება გული... მორევი მოედინება ამომსკდარი სულის, რომელიც შვებას დღისით ვერ პოულობს და ლამობს ღამეს გაანდოს, გაუზიაროს ტკივილების ტკივილი, გაუსაძლისი, თანაც უსასრულო... ხან გამოშვებით მდუღარე ჩაგუბდება თვალებში, ისეთი ცხელი და მდუღარე თვალებს ამოგწვავს... იმხელა აღმართია ასავლელი, უსასრულო და დაუსრულებელი ვაკე ადგილი გენატრება, მდელოზე მორბენალი ადამიანების გეშურება... ადვილად არაფერი მოდის, ყველაფერს გაუთავებელი ბრძოლით იღებ და ამას ის ტანჯვა ემატება, რასაც სხვა ადამიანების გამო გრძნობ... გინდა გაიქცე, მაგრამ გაჩერებენ მოვალეობები, ოჯახის თუ გარშემო პირების წინაშე შესასრულებელი... ფეხები გეკვეთება ვერ სუნთქავ, გინდა რომ აათავო მალე ეს აღმართი და გამოჩნდეს მზე, ამავალი ან ჩამავალი მთებს იქით... შენ კი ფეხშიშველი მიმორბოდე მწვანე მინდორზე... გვგონია, რომ ჩვენი განსაცდელები სხვისაზე უფრო მტანჯველია და უფრო უიმედო, ხან ვერც ვხედავთ და არც გვინდა დავინახოთ ამა ქვეყნის ორომტრიალი, რადგან წინ აუვლელი აღმართია და გვეშინია ფეხი არ დაგვიცდეს... გვეშინია ცხოვრების სირთულეების, რადგან როცა მარტო იბრძვი კიდევ უფრო ძნელია... დღისით ქვა ხდები და ნალესი რკინა ხარ, ყველაფერს გაჭრი და მთიდან მოვარდნილი ღვარცოფივით ჩანთქავ ყოველივეს... და ღამე სევდა ხარ, დარდი ხარ, დაჩიავებული, უსუსური, მინდობილი სრულიად ღამეს... იქნებ გათენდება და ეს დასრულდება და ეს გზა გასწორდება ფეხის გულებს რომ მისერავს და სვლა აღარ შემიძლია იქნებ გათენდეს იმედით უიმედოთა განსაკურნებლად... | |
| |
ნანახია: 84 | |
სულ კომენტარები: 0 | |